გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე, უარი თქვას ორმაგ სტანდარტებსა და ძალადობაზე

ივანიშვილის ხელისუფლება შეუნიღბავ ავტორიტარიზმზე გადადის!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.

“ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს, მას შემდეგ რაც არათუ არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, არამედ მოხდა ყველა მიმართულებით სიტუაციის გაუარესება, ხელისუფლება არჩევს ღია ძალმომრეობის გზას: მედიასაშუალებებზე კონტროლის დამყარებიდან დაწყებული – ოპონენტების დაპატიმრება და ფიზიკური ტერორით დამთავრებული.
ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს არ აქვს გამართლება და ამ შემთხვევაშიც მიდგომა „ჩემიანი-სხვისიანი” უადგილოა.
ოპოზიციონერების მიმართ ძალადობის ფაქტები ან გამოუძიებელია, ან სასჯელი არაპროპორციულად მცირეა, მაშინ როდესაც შედარებით მსუბუქი ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერებისაგან არაპროპორციაულად მკაცრად ისჯება.
ყოველივე ეს ახდენს ძალადობის წახალისებას ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, აღრმავებს უსამართლობის განცდას და საზოგადოების პოლარიზაციას.
ჩვენ დღეს იმ ადამიანების გვერდით ვართ, ვინც პოლიტიკური მოტივით იდევნება და მსხვერპლია ამ ძალადობის.
სამწუხაროდ, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება: პოლიტიკური ლიდერებიდან – უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეებამდე, რისი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ქუთაისში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება.
ხელისუფლება გადადის ღია ესკალაციაზე, ისევ ცდილობს არჩევნების წინ პროცესების პოლიტიკური ველიდან გადაყვანას ქუჩის ძალადობის სიბრტყეში – ძალადობა ემსახურება ჩვენი საერთო მტრის და არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
პროცესებზე პასუხისმგებლობას აცნობიერებს თითეული ჩვენგანი, მაგრამ ძირითადი ტვირთი, ბუნებრივია, ეკისრება ხელისუფლებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს!
ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე, უარი თქვას ორმაგ სტანდარტებსა და ძალადობაზე.”-წერს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს
შემდეგი სტატიაბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს