გიგლა ბარამიძემ პროკურატურას მიმართა

“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებმა, 26 მაისს დაკავებული ადამიანების საქმის გამოძიებისა და მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით თბილისის მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა ამ საქმეზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
“უკვე 3 წელია, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ მომხდარა. სამართლიანობა აღდგა მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთათვის. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიისთვის და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულნი არიან. ვეკითხებით ხელისუფლებას, რატომ არ მოხდა ამ ადამიანთა მიმართ ნასამართლეობის მოხსნა, მათი რეაბილიტაცია, რატომ არ მოხდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, რატომ არ მოხდა იმ პროკურორების მიმართ გამოძიების დაწყება, რომელთაც 26 მაისს უკანონო განაჩენები გამოუტანეს”, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურაში მოკალათებულნი არიან ისევ ის გამომძიებლები, რომლებიც 26 მაისს ხალხის დარბევას მფარველობდნენ.
“სამართლიანობის აღდგენა არ არის ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების მართვით რაღაც ფარსი შემოგვთავაზა, სამართლიანობის აღდგენა არის ის, რასაც 2012 წლიდან მოვითხოვთ. ჩვენ პროკურატურისგან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოყვეს რეაგირება ჩვენ მიერ გადაცემულ განცხადებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ”, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა და მოწოდება ზეწოლაზე
შემდეგი სტატია“იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ჩიხშია შესული “