გიგი უგულავას სასამართლო სხდომა 15:00 საათამდე გადაიდო

შეეცვლება თუ არა დედაქალაქის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიება, კვლავ უცნობია. სხდომა რომელიც 13:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 15:00 საათზე განახლდება.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიზეზი გიორგი ღონიაშვილის ავადმყოფობა გახდა. ღონიაშვილი, გიგი უგულავას მსგავსად, ბრალდებულია. არსებული ინფორმაციით, ღონიაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, პროცესზე წარმოდგენილი იყო ექიმის წერილიც, თუმცა მოსამართლემ სხდომის რამდენიმე საათით გადადება გადაწყვიტა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სასამართლოზე არ იყო წარმოდგენილი თავად ბრალდებულ გიორგი ღონიაშვილის წერილი, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ის თანახმაა სასამართლო სხდომა მის გარეშე გაგრძელდეს.

დაცვის მხარის წარმომადგენლებმა მოსამართლეს 2 საათი სთხოვეს წერილობითი საბუთის წარმოსადგენად.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლო გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიასოციაცია ჰერა XXI-ს რეკომენდაცია – რა უნდა გაკეთდეს ნაადრევი ქორწინებების პრევენციისთვის
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე მზად არის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს