გია გაჩეჩილაძე: მზად ვარ “მაესტროს” მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით 10 მლნ დოლარის საბანკო გარანტია წარმოვადგინოთოს

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. როგორც გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა.
მისივე განმარტებით, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია.
“ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ “მაესტროს” გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ “მაესტროს” გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემ წინადადებას, ჩემთვის უცნობია.
მე იგნორირებული ვარ “მაესტროს” მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო. მინდა იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა “მაესტროში” შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “მაესტრო” არ გაკოტრდეს და იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე აზრით, “მაესტრო” უნდა იყოს “უფრო გემოვნებიანი” ტელევიზია, რის კონტექსტშიც ეთერი აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოუდგენია.
“მაესტრო” უნდა იყოს წამყვანი, დამოუკიდებელი, უფრო გემოვნებიანი და ისეთი ტელევიზია, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ეკადრება. დღეს კი, ის ამ სტანდარებს ვერ აკმაყოფილებს. მე აბსოლუტურად სხვანაირი წარმომიდგენია “მაესტროს” ეთერი, ხოლო ამ დროს, ის არის “რუსთავი 2”-ის და “იმედის” “გადამღერება”, – აღნიშნა “მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ.
რაც შეეხება 10 მილიონიან საბანკო გარანტიას, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ინვესტორებისგან იქნება წარმოდგენილი.
“ინვესტორები წარმოადგენენ ამ ფულს, ინფორმაცია კი იქნება ღია და გამჭვირვალე. ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება და ლიკვიდაცია”, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ “მაესტროს” გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე არხის დანარჩენი მეწილეების სურვილი “პოლიტიკურ თემას” უკავშირდებოდეს.
“ასე პირდაპირ არ შემიძლია ვინმეს დავადო ხელი, მაგრამ ფაქტი ერთია, არჩევნების წელი მოდის. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ”, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშიკარდენახში ვაზი გაჩეხეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო