გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რიგაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის პრესსმასხურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია, საქართველოს დონორებს შორის, მეორე ადგილზეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა რიგაში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად