გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შესაძლოა, სამსახურიდან დაითხოვონ

თუ მძღოლები არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მათთან ხელშეკრულები გაუმქედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გაფიცულია სხვადასხვა ხაზის მხოლოდ 50-მდე მძღოლი.
როგორც მიქიაშვილი აცხადებს, ეს არის არა გაფიცვა, არამედ საბოტაჟის მცდელობა.
“კომპანია მოუწოდებს ყველას, დაუბრუნდნენ სამსახურს. არ დავუშვებთ, რომ მგზავრებს გადაადგილებაზე შეექმნათ პრობლემა. ეს არ არის გაფიცვა, ეს არის საბოტაჟის მცდელობა. გაფიცვას აქვს თავისი წესები, რომლის მიხედვითაც, წინასწარ უნდა შეატყობინონ კომპანიას, საზოგადოებას და ა. შ. ეს წესები საერთოდ არ ყოფილა დაცული. აქედან გამომდინარე, თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მოხდება ხელშეკრულებების გაუქმება”, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
მისივე თქმით, სიტუაციას ძაბავენ გარეშე პირები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ არც მძღოლებთან და არც კომპანიასთან და რომლებიც ცდილობენ თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო, ამ თემის გამოყენებას.
რაც შეეხება ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრას, როგორც მიქიაშვილი აღნიშნავს, ყველა საკითხზე მიდის შეთანხმება და ამ შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ, მძღოლები შეწყვეტენ გაფიცვას.
“მსჯელობა მიდის იმ საკითხებზე, რომლებიც ისედაც ისე იყო, როგორც მძღოლებს სურდათ. თუმცა, შეგნებულად შექმნილი პრობლემაა. იგივე ვთქვათ, მათ აქვთ პრობლემა, რომ 81-დღიანი დასვენება აქვთ წლის განმავლობაში და არ არის ეს საკმარისი, იმ დროს, როცა ყველას დაახლოებით ორი კვირა გვაქვს დასვენების დღეები. ყველა ამ საკითხზე მიდის შეთანხმება და, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გაფიცვა შეწყდება”, – განაცხადა მიქიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს თავისი უკონტროლო ძალების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს