გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმისას 147 ადამიანი დაიღუპა

კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს.

“ბიბისის” ცნობით, მათი უმრავლესობა სტუდენტია. თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” განახორციელა. ეს დაჯგუფების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
გუშინ გარისას უნივერსტიტეტში ათობით ადამიანი ისლამისტებს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაქცევა შეძლო. არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 80-ს აღწევს.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მოგვიანებით მათ დატყვევებულებიდან ქრისტიანები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.
ძალოვანი სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დატყვევებულების გათავისუფლებას. დღის ბოლოს მათ უნივერსიტეტის შენობის შტურმი მოახერხეს, თუმცა მსხვერპლი დიდია. მომხდართან დაკავშირებით კენიის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ პოლიციის დაუყოვნებლივი გადამზადების ბრძანება გასცა. მისი თქმით, მოვლენების ტრაგიკულად დასრულების მიზეზი უსაფრთხოების არასაკმარისი პერსონალი გახდა. მომხდარის გამო ქალაქ გარისასა და კენიის კიდევ რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, დააკავეს რამდენიმე თავდამსხმელი.
თავად დაჯგუფება “ალ-შაბააბის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა. კენიელი სამხედროები სომალიში 2011 წლის ოქტომბრიდან ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.
გუშინ განხორციელებული თავდასხმის ფაქტს გაერო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. პან გი მუნის განცხადებით, გაერო კენიას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დააკავეს