„გარდაბნის თბოელექტროსადგური მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და მეტად დამოუკიდებელს გახდის მის ენერგოუსაფრთხოებას.

ამის შესახებ პრემიერმა გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტისაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპია.

„დღეს ჩვენ ვხსნით საქართველოში პირველ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს, ეს არის 231-მილიონიანი პროექტი, რომელიც აშენდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით. მისი სიმძლავრე 237 მეგავატია და იგი ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, ეს სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით, უახლესი ტურბინებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური. ამ სადგურის მშენებლობა გასული წლის იანვარში დაიწყო და იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე სამი თვით ადრე დასრულდა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტია დადგმული სიმძლავრეც. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელს ირაკლი კოვზანაძეს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, თბოსადგურის მშენებელ კომპანიას – უმსხვილეს თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯის“. დარწმუნებული ვარ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. ეს ობიექტი იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ეს არის ინოვაციური პროექტი. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს არის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი. მინდა ჩვენს ხალხს მივულოცო ეს წარმატება და ვისურვო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტი ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელებულიყოს“,-განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება
შემდეგი სტატიადღეს იური ვაზაგაშვილის მეუღლეს დაკითხავენ