განათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის წევრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ზეწოლისაგან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ.

“გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრო კონკურსის ჩატარებისას საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით მოქმედებს. ამ მიზნით შექმნილია სპეციალური კომისია. საგანმანათლებლო უწყების ცნობით, აღნიშნული კომისია დაკომპლექტებულია არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ სხვა სპეციალისტებით.

„კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა „კომისიას მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება”.

banner
წინა სტატიაში“ალბათ, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება,” -ნოდარ ხადური
შემდეგი სტატია“ბიუჯეტის კორექტირება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება”