განათლების მინისტრმა გამოჩენილ მეცნიერს ნოდარ ცინცაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გამოჩენილი მეცნიერი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

ნოდარ ცინცაძეს წელს 85 წელი შეუსრულდა. მეცნიერს იუბილე და საქვეყნო აღიარება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

“ბატონ ნოდარს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვით, მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი. ის არის 300 ნაშრომის ავტორი. საქრთველოში და საერთაშორისო დონეზე ცნობილი მეცნიერი და ხანგრძლივ სიცოცხლეს და წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა სანიკიძემ

თავის მხრივ მეცნიერი ქვეყნის პრეზიდენტს და განათლების მინისტრს მადლობას უხდის.

“კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან ვთვლი რომ დამსახურებულად მივიღე ეს ჯილდო. საქართველოში და მსოფლის მაშტაბით ბევრი პროფესორი, აკადემიკოსი ავღზარდე და პლაზმის ფიზიკას საქართველოში მიმართულება მე მივეცი. დღევანდელი დღისთვის და დაფასებისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარ სანიკიძეს და ქვეყნის პრეზიდენტს“, – განაცხადა ცინცაძემ.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის შემქმნელი საქართველოში, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ყოველთვის მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემის მიმართულებით. ნოდარ ცინცაძის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას, მას ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც.

ნოდარ ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. 2004- 2011 წლებში მოღვაწეობდა ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში, იყო პლაზმის ფიზიკის დირექტორი.

banner
წინა სტატიაში„თუ თბილისელი საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ ძეგლის გადმოტანა შესაძლებელია, განხილვა დაიწყება“
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე საკითხების პოლიტიზირება არ მოხდება