,,გაერო-ს ასამბლეაზე მონაწილეობა ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის ეფექტურად განხორციელებაში ჩართულია Pillsbury”

იურიდიული ფირმა Pillsbury საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევს აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სამთავრობო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს.
“აშშ-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმა Pillsbury მთავრობას დახმარებას უწევს აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სამთავრობო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.
კომპანია Pillsbury ემსახურება Fortune 500 სიაში შესულ 100-ზე მეტ კომპანიას. მის ამჟამინდელ და ყოფილ კლიენტებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები; Chevron Corporation; სტენფორდის უნივერსიტეტი; NIKE და მრავალი სხვა. ბუნებრივია, Pillsbury, საქართველოს მთავრობას მასშტაბურ დახმარებას უწევს ყველა მიმართულებით. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მხოლოდ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის ეფექტურად განხორციელებაში ჩართულია Pillsbury. წინა მთავრობებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ხელისუფლება კეთილგონივრულად განკარგავს ბიუჯეტს. კონტრაქტის ფინანსური მოცულობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე წინა ხელისუფლება მსგავს კონტრაქტებზე ხარჯავდა”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანია Pitlsbury Winthrop Shaw Pittman LLP-სა და საქართველოს მთავრობას შორის კონტრაქტი 2015 წლის აპრილში გაფორმდა. კონტრაქტს ვადა 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 მარტამდე აქვს. კონტრაქტის მიხედვით, ამერიკული კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება სხვადასხვა ღონისძიებისთვის, მათ შორის შილკ ღოად Forum-სა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მზადების პროცესში. იგი ასევე დაეხმარება საქართველოს მთავრობას პრესრელიზების, წერილებისა და სიტყვით გამოსვლების ტექსტების მომზადებაში. ამერიკული კომპანია ასევე უზრუნველყოფს მედიასტრატეგიის განვითარებას და რეგულარულ კონსულტაციებს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სტრატეგიების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, კონგრესის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავების პროცესში. კომპანია უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიური კავშირებისა და საერთაშორისო დონის საკითხების კუთხით. ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამას საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, მათ საქართველოში ვიზიტს და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა ნახონ მთავრობის პროგრესი ადგილზევე. კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ვალდებულია ყოველთვე გადაიხადოს 50 000 დოლარის ოდენობის თანხა. კონტრაქტს ქართული მხრიდან ხელს აწერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება