გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებაში საია-ს რეკომენდაციები გაითალისწინა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებით საია-ს და პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა.
როგორც “თაიმერს” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” აცნობეს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაერო-ში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. საია-ს ინფორმაციით, სესიაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR), ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან (HRP) თანამშრომლობით, ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გაერო-ს მიერ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით შემუშავებულ დასკვნაში, საია-სა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია შეიარაღებულ კონფლიქტებზე უკრაინასა და საქართველოში.
“კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევის სავარაუდო შემთხვევების გამო, რასაც ადგილი აქვს იმ ძალების მხრიდან, რომელზეც, როგორც ჩანს, პაქტის ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთი] მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და რაც, შესაძლოა, ეფექტურ კონტროლს გაუტოლდეს. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს რეგიონ – სამხრეთ ოსეთში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევების ფაქტების გამო, რომელთა გამოძიებაც სრულად არ მომხდარა (მე-2 მუხლი). კომიტეტი მოუწოდებს ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთის ფედერაციას], დაიცვას პაქტით აღიარებული უფლებები იმ ქმედებებთან მიმართებით, რომელთაც ადგილი აქვს შეიარაღებული ჯგუფებისა და ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის”, ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა” და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან, იმ ფარგლებში, რომელშიც იგი უკვე ახორციელებს სათანადო გავლენას ამ ჯგუფებსა და ხელისუფლების ორგანოებზე, რაც უტოლდება მათ ქმედებებზე ეფექტურ კონტროლს”, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, საია-ს და პარტნიორი ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების უკანონო მშენებლობისა და უკანონო დაკავებების მიმდინარე ფაქტებს.

banner
წინა სტატიაშიჩემი მისია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა – აცხადებს თიბილოვი
შემდეგი სტატია“არემჯის” – ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვა მოგვცა