გადაცემა „რეაქციას“ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური გამოეხმაურა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადება ავრცელებს

37_2„იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ გადაცემის წამყვანმა ე.წ კაბელების საქმეზე, ახალი კომუნიკაციების მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე, ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოწვეულ სტუმრებს გააცნო, რასაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური გამოეხმაურა.
ადვოკატის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ, 26 დეკემბერს მომზადებული ხელშეკრულება გაიტანა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი კომუნიკაციების მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას გულისხმობდა. თანხის გამოყოფის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განკარგულებაზე ხელის მოწერით დაადასტურა.

„რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საჭიროდ ვთვლით განმარტება გავაკეთოთ. პრემიერ-მინისტრმა, როგორც მთავრობის მეთაურმა, რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულებას, თუმცა იქ საუბარი იყო მხოლოდ თანხის გამოყოფაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ. ხოლო რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა, ეს სრულად მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობაა“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმამის ქონებიდან კანონით კუთვნილი წილი ეკუთვნით–ინგა ბაბუაძე
შემდეგი სტატიაანჯელინა ჯოლი: მსოფლიო სირიელი ლტოლვილებისთვის საკმარისს არ აკეთებს