ბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

10 აპრილიდან საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შედის.

შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 11 მარტს მოაწერა ხელი.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეები თავისუფლებიან ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180-დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე.

ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას გაზრდას.

banner
წინა სტატიაში„ამ ადამიანების ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ქვეყანა“
შემდეგი სტატიასამების ტაძარში ილია მეორემ ფეხბანვის წესი შეასრულა