ბიძინა ივანიშვილი – ნარმანიას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება

თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
“სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხი პრობლემურია. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, საზოგადოებას აშფოთებს კითხვა იმის თაობაზე, ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ის დარწმუნებულია, “დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება”.
“ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი, ეჭვი არ მეპარება. სისტემური კორუფციის მაგალითს თქვენ ვერ ნახავთ. ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან პრემიერობისას, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ “დღეს საქართველოს ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს”.
ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ”კვირის პალიტრის” დღევანდელ, 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – “რესპუბლიკელები” ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს
შემდეგი სტატიაახალსოფელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს