ბექა მიქაუტაძე: საბურთალოს რაიონის გამგეობა მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, გამგეობის დაკავებული თანამშრომლის მიხეილ ქვირიას საქმის გამოძიებისას გამგეობა შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებთან სათანამშრომლოდ მზად არის.

ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ქრთამის აღებაში ბრალდებული მიხეილ ქვირია გამგეობის სტრუქტურაში 2010 წლიდან მუშაობს.

„ვადასტურებთ, რომ დაკავებულია საბურთალოს გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია. სამწუხაროდ, ვერ მოგახსენებთ რაშია საქმე იმიტომ, რომ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. განვაცხადებ ერთს, რომ ის გამგეობის სტრუქტურაში 2010 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის არის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც საკონკურსო გამოცდები ვერ ჩააბარა და მოვალეობის შესრულების ვადა აპრილამდე აქვს. სხვას ვერაფერს გეტყვით. საბურთალოს რაიონის გამგეობა მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ და და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

მიხეილ ქვირიას საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკავა. იგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდავით გამყრელიძე:-„ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო…“
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია