ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში აფხაზეთის დამოუკიდებლად მონაწილეობის გამო გერმანული მხარე ბოდიშს იხდის

„მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი“-ამ სიტყვებით მოიხადა ბოდიში ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორმა, ლარს იეგერმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ქართული დელეგაციის წინაშე.

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს გერმანიაში, ლადო ჭანტურიასა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს შეხვდნენ.

„მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ, ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც.

ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება. ასე, რომ „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“-განაცხადა ლარს იეგერმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.

შეგახსენებთ, რომ 16-25 იანვარს გერმანიაში, ქ. ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეულს” ესწრება.

გუშინ კი გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახული იყო აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგამოფენო სტენდი.

banner
წინა სტატიაში“ბოევიკების” მიერ გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია2016 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 1პროცენტი 99%-ით გამდიდრდება