ბარბარე რაფალიანცის ბებია გურჯაანის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ტყუილში ადანაშაულებს

თინა მექერიშვილი აცხადებს, რომ გოჩა სიბაშვილმა იცრუა, როცა თქვა, რომ ტრაგედიის ღამეს კოლაგში საგამოძიებო მოქმედებები კინოლოგებთან ერთად ჩაატარა.

ბებია ირწმუნება, რომ სიბაშვილმა კინოლოგებთან დაკავშირება მხოლოდ ოჯახის ხმაურიანი ჩარევის შემდეგ გადაწყვიტა. მექერიშვილები მიიჩნევენ, რომ ყოფილმა სამართალდამცველმა საგამოძიებო კვალი მიზანმიმართულად წაშალა და მასთან ერთად რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ინტერესიც იკვეთება. ოჯახი ორივე მათგანის დაუყონებლივ დაკითხვას ითხოვს.

„გოჩა სიბაშვილმა უკვე მეორედ იცრუა, რომ თითქოს მოიყვანა კინოლოგები, რომელმაც ვერ იმუშავა. ეს არის სრული აბსურდი. ძაღლი არ მოუყვანია, მოვიდა დაგვიანებით, სწორედ მის კისერზეა ჩემი შვილიშვილის ცოდვა. მე ვერ დავდებ ბრალს იმაში, რომ მაგან მოკლა, ან თანამონაწილეა, მაგრამ არ ვიცი ვის და რას ფარავს, მაგრამ გამოძიებამ ამ სიტყვების მერე ცხელ კვალზე უნდა იმუშაოს და ამ სიტყვების უკან რას მალავს, დაადგინოს. ასევეა გიორგი ღვინიაშვილიც, რომელსაც მივმართავ: 40 დღის განმავლობაში იყო ძველი ხელისუფლების ხელში გამოძიება, სად იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა როცა მოხსნა კანდიდატურა და გადადგა, თქვა, არ ღირს მაჟორიტარობა ბავშვის სიცოცხლის ფასადო და ხელი დაადო გიორგის, სად იყო მაშინ. თუმცა მივესალმები, თუკი დამნაშავე არ არის და გვერდზე დაგვიდგება ამ საქმეში. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ვინც გამოძიება შეიყვანა ჩიხში, ყველას პასუხი მოსთხოვონ“, – აცხადებს თინა მექერიშვილი.

ბებიის ბრალდებას გოჩა სიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც მექერიშვილის განცხადება პიროვნების დისკრედიტაციად შეაფასა. პოლიციის ყოფილი უფროსი ვარაუდობს, რომ ოჯახს მის წინააღმდეგ შეგნებულად განაწყობენ.

„ოჯახი ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც იმდროინდელი პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, პირველ რიგში ვარ დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით, რომ საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და გაიხსნას ეს სისხლის სამართლის საქმე.

ჩვენგან არანაირი დაყოვნება არ ყოფილა, როგორ კი შემოვიდა შეტყობინება, საგამოძიებო ჯგუფი დაუყონებლივ და პირადად მე გამოვცხადდით შემთხვევის ადგილზე იმ დროში, რა დროც დამჭირდებოდა რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან სოფლამდე. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა საშუალება იქნა გამოძახილი როგორც ექსპერტ-კრიმინალისტების, ასევე კინოლოგთა ჯგუფის. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ვამბობ მხოლოდ იმას, რომ იკვეთება პიროვნების დისკრედიტაცია“, – აცხადებს სიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 10 თვის ჩვილი შეეწირა, ამ დრომდე გამოძიებული არ არის. საქმეზე მოკვლევა ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა ხელახლა დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდნენ
შემდეგი სტატია19 წლის ნანა გიგლემიანი ოჯახმა დღეს დაკრძალა.