ბავშვის გარდაცვალებაზე ექიმი განმარტებას აკეთებს

ბათუმში, დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის საკითხზე ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ აფხაზავა განმარტებებს აკეთებს.
როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტი თავდაპირველად 30 ოქტომბერს მიიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა იმ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია არ აღენიშნებოდა და მშობლებმა ხელწერილის საფუძველზე ბავშვი სახლში წაიყვანეს. ვახტანგ აფხაზავას თქმით, საავადმყოფოში ბავშვი უკვე მეორედ გუშინ მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა.
ექიმის განარტებით, მშობლების მოთხოვნა რეანომობილით თბილისში გადაყვანის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდა, რადგანაც ბავშვი აპარატულ სუნთქვაზე იყო და მისი ტრანსპორტით გადაყვანა ვერ განხორციელდებოდა.
“პაციენტი შემოსულია სტაციონარში 2 ნოემბერს. შემოსვლისას იყო გამოხატული შოკის სიმპტომატიკა, პოლიორგანული უკმარისობა. პაციენტს ჩაუტარდა სრული კვლევები და გადაყვანილ იქნა ხელოვნურ სუნთქვაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და დღეს პაციენტი გარდაიცვალა. ამ პაციენტს მომართული აქვს სტაციონარისთვის 30 ოქტომბერს, სადაც დაფიქსირდა, რომ უარი თქვა სტაციონარზე და მშობლებმა თავისი ნებით წაიყვანეს ბინაზე. იმ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია არ აღენიშნებოდა, ასე რომ ყოფილიყო, მშობლის წინააღმდეგობის მიუხედავად სახლში არ გაუშვებდნენ. რაც შეეხება თბილისში გადაყვანას, დღეს იყო ეს მთხოვნა, მაგრამ ბავშვი არ იყო ტრანსპორტაბელური, იმიტომ, რომ აპარატულ სუნთქვაზე იყო. ბავშვს ჰქონდა თანმხლები დაავადება, ასევე წონის დეფიციტი, რამაც დაამძიმა მისი ძირითადი პათოლოგია”, – აღნიშნა ვახტანგ აფხაზავამ.
ბავშვის გარდაცვალებას მშობლები ექიმების უყურადღებობას უკავშირებენ. ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დედამ, ინგა სანიკიძემ განაცხადა, ღებინებითა და მაღალი სიცხით შვილი საავადმყოფოში პირველად 30 ოქტომბერს მიიყვანა, ექიმებმა გადასხმა გაუკეთეს, რის შემდეგაც სიცხემ დაუკლო, თუმცა, მისივე თქმით, ექიმებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და გამოკვლევები არ ჩაუტარეს. ინგა სანიკიძე აცხადებს, რომ ბავშვი იმავე დღეს გაიყვანა საავადმყოფოდან, გუშინ კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ისევ საავადმყოფოში დააბრუნა.

banner
წინა სტატიაში,,ერთი კვირის წინ ვიცოდი დაახლოებით, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:წერეთ და იკითხეთ,ბატონო ბიძინა–ჩვენ ამ ომს მოვიგებთ !!!!