,,ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას”

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყველა პრიორიტეტზე მუშაობა, ისე როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ქუმსიშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე- პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა გრძნობს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა უწყების მიერ დაწყებული ყველა რეფორმა და პროექტი გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. მე, ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც დაწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს.
კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა – სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ამბასადორიალის მონაწილეებს გიორგი კვირიკაშვილს ხვალ პირადად წარუდგენს
შემდეგი სტატიახმაური ფოთის ბაზარში – 200-მდე მოვაჭრეს სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდა