ახვლედიანის თქმით პრემიერ–მინისტრი ბოლოს 24 აგვისტოს ნახა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, 24 აგვისტოს შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა, – ამის შესახებ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს შეხვდა. “რაც შეეხება სამთავრობო მესიჯებს, ზუსტად შემიძლია დაგისახელოთ დღე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. 24 აგვისტოს შევხვდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სადაც გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადამიხადა მადლობა როგორც მე, ისევე მთელს ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ. ამის შემდგომ არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ დასახელებულ 2013 წლის ბოლოს გამართულ შეხვედრას, ალექსი ახვლედიანი აღნიშნულ შეხვედრას ვერ იხსენებს. “ეს მე პირველად გავიგე, თან ნიკა ბრძანებს, რომ არსებობს ჩანაწერები. მე ამ შეხვედრას ვერ ვიხსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
“თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მთავარ პროკურატურაში დასაკითხად უკვე შევიდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს შეხვდება
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი უკრაინაში იმყოფება