ახალი საფინანსო ინსტიტუტი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

საპარტნიორო ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების ახალი საფინანსო ინსტიტუტი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას.
ამის შესახებ  საპარტნიორო ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით განხორციელდება და საკადრო ცვლილებებსაც გამოიწვევს.
“საპარტნიორო ფონდში ვგეგმავთ სერიოზულ რეფორმებს, რომელიც დაკავშირებულია საპარტნიორო ფონდის გარდაქმნასთან საქართველოს განვითარების მსხვილ საფინანსო ინსტიტუტად, რომელ პროექტზეც ამჟამად ვაპირებთ მუშაობას გერმანიის განვითარების ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. მათთან ერთად ჩვენ უახლოეს ხანში წარმოვადგენთ პროექტს, თუ როგორი უნდა იყოს პერსპექტივაში საქართველოს განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება. შესაბამისად, მე დღესდღეობით არანაირ საკადრო რეფორმის განხორციელებას უშუალოდ საპარტნიორო ფონდში არ ვაპირებ, ვინაიდან მისი სტრუქტურული ცვლილება, ცხადია, თავისთავად გამოიწვევს საკადრო ცვლილებებსაც _ იქ შეიძლება გაჩნდეს დამატებითი დეპარტამენტები, დამატებითი სამსახურები, სადაც, ბუნებრივია, დიდი ნაწილი თანამშრომლებისა იქნება გადაყვანილი, ზოგმა კი შეიძლება იმ ახალ სტრუქტურაში თავისი ადგილი ვერ ნახოს. ასე რომ, სანამ ჩვენ ამ რეფორმას არ დავასრულებთ, ვფიქრობ, საპარტნიორო ფონდში საკადრო ცვლილებების განხორციელება მართებული არ იქნება. ყველა ის პროექტი კი, რომელიც დაწყებული აქვს საპარტნიორო ფონდს და, რომელშიც არის ჩართული, ჩვეულებრივ გააგრძელებს განხორციელებას იმ დრომდე, სანამ ჩვენ ახალ სტრუქტურული ერთეულის მუშაობას არ დავიწყებთ”, – განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, საგანელიძის ინფორმაციით, ახალი საფინანსო ინსტიტუტი, როგორც ბიუჯეტის, ისე კადრების რაოდენობის მხრივ, უფრო მსხვილი ინსტიტუტი იქნება, ვიდრე საპარტნიორო ფონდია.
“რა თქმა უნდა, ეს იქნება ბევრად უფრო მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი, მას ექნება ბევრად უფრო მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციები მოიზიდოს, შემოიყვანოს მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები და საფუძველი ჩაუდოს როგორც მეგა პროექტებს, ასევე რაც შეიძლება ღრმად შევიდეს საშუალო ბიზნესში, რომელიც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პრიორიტეტია, კერძოდ. იმ მიმართულებებით, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს”, – აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღებას, ასევე მენეჯმენტის ახალი სტრუქტურის შექმნას საჭიროებს, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
“ზუსტი თარიღის თქმა ძნელია. ვფიქრობთ, ახალი საფინანსო ინსტიტუტი (ეს იქნება საფინანსო კორპორაცია თუ ხვა ტიპის დაწესებულება), სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას”, – დასძინა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერიასთან მოშიმშილეები თბილისში, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გააგრძელებენ შიმშილობას
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრების პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ