აცილება მიეცით კარასინებს” და ელაპარაკეთ პუტინს” – ჯუმბერ კირვალიძე

აცილება მიეცით კარასინებს

აცილება მიეცით კარასინებს" და ელაპარაკეთ პუტინს"! – ჯუმბერ კირვალიძე„ჩემი აზრით დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად. ვერ ვიტყვი, რომ ამის ნიშნები არის, მაგრამ საჭიროა ხედავდე პერსპექტივას, რადგან სხვა ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივოა”. – განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც ჩანს, კარასინი–აბაშიძის ფორმატმა თავის დანიშნულება შეასრულა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა–დარეგულირებას. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკური საკითხების განხილვას ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და რუსეთს საქართველოს ორი რეგიონის “დამოუკიდებლობა აღიარებული” და ოკუპირებული აქვს, აუცილებელია, რომ დიალოგი წარიმართოს უმაღლეს დონეზე, ანუ პირველი პირების მონაწილეობით.

მავანი იტყვის, რომ, განა პუტინის პოლიტიკური ნების გარეშე მოხდა საქართველოს ისტორიული მხარეების “დამოუკიდებლობის აღიარება” და ოკუპაცია? დიახ, სწორედ ამიტომაც უშუალოდ მასთანაა საჭირო საუბარი და არა რუსეთის ხელისუფლების ერთ–ერთ წარმომადგენელთან (მაგ. კარასინთან)! თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ოფიციალური პირების პირად პოზიციას გარკვეული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მათ შეუძლიათ რაღაც დონეზე (თუნდაც, ემოციურ ფონი) “გააფუჭონ ან გამოასწორონ” დიალოგისთვის ის აუცილებელი ატმოსფეროა, რომლის გარეშე დადებითი შედეგი არ მიიღწევა! სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი კარგად მახსოვს, თუ როგორი ანტიქართული პოზიცია ეკავა ბ–ნ კარასინს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში წყდებოდა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარების” საკითხი და ისიც, თუ როგორ პოზირებდა ბ–ნი კარასინი ფოტოობიექტივის წინ, – როკის გვირაბთან, სწორედ იმ აგვისტოს მიწურულს, როცა რუსეთმა “აღიარა” ჩვენი რეგიონები! ესეც, რომ არ იყოს, განა აშკარად არ ჩანს თავად კარასინის პოზიცია პრაღაში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ (აბაშიძემ) უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. პუტინს უნდა ესაუბროთ და არა, რუსეთის პოლიტელიტაში ანტიქართული და სეპარატისტების მხარდამჭერი ჯგუფის წევრს, – კარასინს.

დიახ, კარასინი “აბსოლუტურად უპერსპექტივოს” უწოდებს საქართველოს მცდელობას, რომ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და თუ ჩაეკითხებით, რატომ მიაჩნია მას ასე, პასუხი ასეთი ექნება, რომ – “სააკაშვილის (ანუ საქართველოს) სამხედრო ქმედების შედეგად, რუსეთი “იძულებული გახდა დაეცვა სამხრეთ ოსეთის ხალხი და შემდეგ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა” და რომ ეს გადაწყვეტილება “გადახედვას არ ექვემდებარება”! რუსეთის ეს პოზიცია გახლავთ, – პოლიტიკური უტიფრობის და ცინიზმის მწვერვალი, რადგანაც, როგორი შეფასებაც არ უნდა მისცე ომში დამარცხებული ქვეყნის მოქმედებას, ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ “გამარჯვებულმა” სახელმწიფომ (მით უმეტეს აგრესორმა) დაანაწევროს იგი და თან განუცხადოს, რომ – მისი მცდელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა “აბსოლუტურად უპერსპექტივოა”?!

ფაშისტურმა გერმანიამ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საკონცენტრაციო ბანაკებით დაფარა ევროპის კონტინენტი და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ადამიანთმოძულე რეჟიმი ჰქონდა, ომში დამარცხების და მისი დანაწევრების შემდეგ, აი, ასეთი დანაშაულებების ჩამდენ ქვეყანასა და ერს, მსოფლიო ცივილიზაციამ მისცა უფლება, რომ გერმანია და გერმანელი ერი გაერთიანებულიყო და გამთლიანებულიყო! ჰოდა, პატარა საქართველომ “რა დააშავა ისეთი”, რომ რუსეთის რიგითი სახელმწიფო ჩინოვნიკები, – “გვიკრძალავენ” ქართველებს ქვეყნის გამთლიანებაზე ფიქრსაც კი?! ამიტომაა საჭირო, რომ რუსეთის პოლიტელიტის “რიგითებს” კი არ ვესაუბროთ, არამედ მათ პირდაპირ პატრონს. რუსეთში (ვინც იცნობს რუსეთის ისტორიას!), ხომ “ერთი კაცი წყვეტდა და ახლაც წყვეტს” ყველაფერს. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებავ, დროს ნუ კარგავთ, “აცილება მიეცით კარასინებს” და ელაპარაკეთ პუტინს!!!

banner
წინა სტატიაშიმიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, დიალოგი გრძელდება – აცხადებს კარასინი
შემდეგი სტატიასენსაციური აღმოჩენა–აღმოჩენილია ძალიან დიდი ზომის შავი ხვრელი, რომელიც 12 მილიარდჯერ დიდია მზეზე