აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად რუსი გენერალი დანიშნა

ასლან ბჟანია

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალი დანიშნა. სერგეი კომარცევი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა. როგორც რუსმა გენერალმა წარდგენისას განაცხადა, ის მისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას მხრიდან გამოცხადებულ ნდობას გაამართლებს, როგორც ეკადრება დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

მის ფუნქციებში შედის ქართული მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, ასევე რუსული პასპორტების დარიგება და მიწის გადასახადების მოსახლეობისგან ამოღება.

ის კურირებს ქართული პასპორტების ამოღების საკითხს, ქართული საკავშირო სიხშირეების ჩახშობას.

სერგეი კომარცევი ცნობილია, როგორც პრორუსული იდეების ძირითადი განმხორციელებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთში გამართულ დეფაქტო არჩევნებზე აფხაზური მოსახელობის გამოყვანის ორგანიზატორი.

რუსი გენერალი პუტინის ორდენის მფლობელია. მას ორგზის აფხაზეთის საპატიო მოქალაქეობა აქვს მინიჭებული. კომარცევს 3 წლის წინ სოხუმის ცენტრში, საჩუქრად გადასცეს ქართველების მეირ მიტოვებული სახლი, რომლის გარემონტებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

ახალ ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზაზე საზეიმო ვითარებაში წარუდგენენ.

გუშინდელ საგანგებო სხდომაზე ასევე წარადგინეს სახელმწიფო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსად 3 თვის წინ დანიშნული დიმიტრი იუდინი. რუსი პოლკოვნიკი მაიკოპის მე-4 ბრიგადის მე-2 ქვედანაყოფის უფროსი იყო. მისი ხელმძღვანელობით მოხდა ორი თვის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადახალისება. იუდინი სანგრებისა და ახალი საგუშაგოების მშენებლობასაც ხელმძღვანელობს.

პოლკოვნიკს დაუქვემდებარეს გალისა და ოჩამჩირის რაიონის საზღვრის დაცვისა და უშიშროების დეპარტამენტის კურირება. გალისა და ოჩამჩირის უშიშროების განყოფილებებს კონტროლს გაუწევს ასევე კომარცევი. ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის გადმოტანის საკითხს მკაცრად გააკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან კონტროლის გამკაცრებას თხილის სეზონის მოახლოებას უკავშირდება.

დღესდღეობით აფხაზეთში მსგავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რუსეთის თავდაცვის უწყების გენერლები ან პოლკოვნიკები არიან დანიშნული.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია სამგორის გამგებლის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა