ასი წლის ქალბატონი უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს

IMG_8289ასწლოვანი ქართველების კლუბს კიდევ ერთი ქალბატონი შეემატა. სამეგრელოში მცხოვრები ოლია თოდუა დღეს 7 თებერვალს – 100 წლის გახდა. ღვაწლმოსილმა ქალბატონმა, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, სამშობლოს 9 შვილი გაუზარდა. მისი ოჯახის მონაგარი 22 შვილიშვილი, 30-დე შვილთაშვილი და 2 შვილიშვილის შვილიშვილია. სწორედ მეხუთე თაობის ის 2 პატარა უყვარს ოლია ბებოს ყველაზე მეტად.

ქალბატონი ოლია ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს, თუმცა 100 წლის იუბილეს ქალიშვილის სახლში სენაკის რაიონის სოფელ ეკში შეხვდა. ოლია ბებო სიმოხუცის გამო, დროის ძირითად ნაწილს ოთახში ატარებს, თუმცა მის მეხსიერებას ასმა წელმა ვერაფერი დააკლო, რაც ,,თაიმერთან,, საუბარშიც დაადასტურა.

,,თაიმერის,, კითხვაზე, თუ რატომ აღნიშნავენ მის დაბადების დღეს 7 თებერვალს, როცა პასპორტში 1915 წლის 1 ივლისი უწერია… ქალბატონი ოლია პასუხობს: ,,მე დავიბადე 1915 წლის 7თებერვალს, თუმცა იმ დროს დაბადების მოწმობებს არ იძლეოდნენ და მხოლოდ ნათლობის საბუთი მქონდა სადაც 1915 წლის 1 ივლისი წერია, ნათლობის თარიღი ჩამიწერეს პასპორტში და ამიტომ  5თვეა განსხვავება. მშობლებისგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ 7 თებერვალს დავიბადე,,

ქალბატონი ოლია, განვლილ ცხოვრებასაც იხსენებს… სტალინის დროს,  გერმანელებთან ომის პერიოდს და აღნიშნავს, რომ ყველაზე უკეთესი  ბრეჟნევის მმართველობის დრო იყო, როცა არც სამუშაო ჭირდა და არც სასმელ-საჭმელი. ,,ყველას ქონდა ნორმალური ცხოვრების საშუალება, მე ჩაის ვკერფდი, ჩემი მეუღლე მჭედელი იყო და ასე ვარჩენდით დიდ  ოჯახს, ახლა კი უჭირთ ახალგაზრდებს ცხოვრება,, აღნიშნავს ასწლოვანი ქალბატონი.

,,თაიმერის,, მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ინატრებდა ასი წლის ქალბატონი, ოლია თოდუა პასუხობს: ,,უკეთეს ცხოვრებას ვნატრობ შვილო. კარგ ცხოვრებას და კარგ მომავალს ახალგაზრდებისთვის, თორემ მე აწი არაფერი მჭირდება,,

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდი– კრემლში გამართული შეხვედრა უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ბოლო შანსი იყო
შემდეგი სტატიალავროვის სიტყვებს სიცილი და წამოძახილები მოჰყვა