არჩილ თალაკვაძე – სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის გამო დაკავებულ პირთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე პოლიციამ საკუთარი ფუნქცია პირნათლად შეასრულა.
“რაც შეეხება პოლიციას და პროკურატურას, ჩვენის მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რომ საქმის გარემოებები ყოფილიყო დოკუმენტირებული, ბრალი წაყენებული, დამნაშავე დაკავებული და წარდგენილი ყოფილიყო მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ეს ფუნქცია პირნათლად შევასრულეთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას, სახელწოდებით, “შემოულაწუნე” აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.
გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე – თბილისის მერიაში საკმაოდ ბევრი თანამდებობაა და ახალი შტატის დამატება სწორად არ მიმაჩნია
შემდეგი სტატიასარკოზის თანაგუნდელი ყოფილი მინისტრი დააკავეს