არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ბოლო დღეებში ორგანიზებული ხასიათი მიიღო ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” განხორციელებულმა თავდასხმებმა და არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ ძალასა და ადგილობრივ ხელისუფლებას იმოქმედონ კანონმდებლობის დაცვითა და პატივისცემით, ყველაფერი გააკეთონ ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და განაცხადებებისგან.
“განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბოლო დღეებში ორგანიზებული ხასიათი მიიღო ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” განხორციელებულმა თავდასხმებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის და ფაქტობრივად ყველა რეგიონულ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას, “ქართული ოცნების” პარტიულ აქტივისტებთან ერთად, სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ. პარტიის ოფისების გარდა, თავდასხმა ასევე განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზეც. თავდასხმების თანადროულობა, ხელწერა და ფორმები მის ორგანიზებულ და დაგეგმილ ხასიათზე მიუთითებს. ამასთან, მანამდე თავდასხმები განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რაზეც 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უკიდურესად შემაშფოთებელი განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართვს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავჯდომარეს და სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ითხოვს. ვითარების ანალიზისთვის გასათვალისწინებელია წამების კადრების საჯარო ჩვენების შემთხვევებიც და საჯარო სივრცეში გაჟღერებული მოწოდებები ძალადობისკენ, რაც ასევე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღწერილი მოვლენების ფონზე არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამართლების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
“უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის უზრუნველყოფას ქვეყანაში. დამატებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და მათი მხრიდან კანონიერი ვალდებულებების შესრულება არაერთგვაროვანია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მომხდარა, ასევე რეაგირების გარეშე დარჩა, ან მინიმალური რეაგირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ შემთხვევაზე. ამის პარალელურად, ხდება ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება, სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დაწყება და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ძალადობა და ძალადობის მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდარღვევას წარმოადგენს, რა დროსაც სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ ადეკვატური და ეფექტური რეაგირება, თუმცა რეაგირება არ უნდა იყოს შერჩევითი. დაუშვებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რადგან აღნიშნული პირდაპირ ბადებს ეჭვებს ამ სისტემის პოლიტიზირებაზე და მისი ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოყენებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობას აქციებში, განცხადების ავტორების თქმით, მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და თავისი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი და სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.
“დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები, თავი შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და ძალადობის წამახალისებელი საჯარო განცხადებებისგან და უზრუნველყოს სტაბილური და მშვიდი სამოქმედო გარემო ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის. პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობის საჯარო რიტორიკა მთლიანად მიმართული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალური გარემოს მხარდაჭერისაკენ, სადაც სათანადო რეაგირება მოხდება ყველანაირ ძალადობრივ აქტზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ჩამოყალიბებაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიანიშნებს ერთიან გეგმაზე, რომელიც აშკარად მიმართულია მრავალფეროვანი და კრიტიკული საჯარო სივრცის დავიწროვებისკენ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ამგვარი დამოკიდებულებით პირდაპირ ჩნდება სამოქალაქო დაპირისპერების რისკი და საფრთხე ექმნება მრავალპარტიულ დემოკრატიას, რაშიც ცხადია ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიას და აღწერასაც აქვეყნებენ (http://www.transparency.ge/blog/arasamtavrobo-organizatsiebis-gantskhadeba-kveqanashi-ganvitarebul-movlenebtan-dakavshirebit).
განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვთარების სააგენტო (სიდა), ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

banner
წინა სტატიაში”რეფორმატორები” სპეციალური განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიათამარ კორძაიას თქმით პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უნდა შედგეს