არასამთავრობოები “პანორამა თბილისის” პროექტზე განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, “პანორამა თბილისის” პროექტზე ნებართვის გაცემის პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა და გადაწყვეტილების ფარულად მიღება საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) უმთავრესი პრინციპების დაცვის მიმართებულებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით, სრული იგნორირება გაუკეთეს 17 ორგანიზაციისა და 5 000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალური მოწოდებას, რომ “პანორმა თბილისის” პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო.
“ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემდა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობდა საკითხისადმი საჯარო დისკუსიის წარმართვას; იმ პიროებში, როდესაც წარმოდგენილ ლოკაციებზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თუმცა, განცხადების ავტორებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ არ გამოიყენეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა იმ საკითხებზე, რომელიც პირთა ფართო წრის ინტერესებს ეხება. სამინისტროსა და სააგენტოს და შესაბამისად, სახელმწიფოს დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ვალდებულებებს მოქალაქეების წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აცნობიერებენ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ქვეყნისთვის, თუმცა ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ქალაქი ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს.
“ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილების დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ტფილისის ჰამქარი”, “მწვანე ალტერნატივა” და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ანდრო ბარნოვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ