ანგელა მერკელი – არ ვიცით, მიიღწევა, თუ არა დაზავების შესახებ შეთანხმება მოსკოვში

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უცნობია, მიიღწევა, თუ არა დაზავების შესახებ შეთანხმება მოსკოვში დღევანდელი შეხვედრისას. მისივე თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს ახალი მოლაპარაკებები. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა მოსკოვში გადაფრენამდე, ბერლინში განაცხადა.

ამასთან, მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინისა და პარიზის ამჟამინდელი ინიციატივა მიმართულია “ევროპული მსოფლიო წესრიგის” დასაცავად. კანცლერმა, ასევე განაცხადა, რომ არც საკუთარ თავს და არც საფრანგეთის პირველ პირს არ მიიჩნევს კონფლიქტში “ნეიტრალურ შუამავლად”. მისი თქმით, მთლიანობაში, ისინი წარმოადგენენ ფრანგულ, გერმანულ და მთლიანად ევროპულ ინტერესებს.

მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. “ჩვენ არ ვიცით, ხანგრძლივი იქნება, თუ არა მოსკოვში დღევანდელი მოლაპარაკებები და იქნება, თუ არა ეს შემაჯამებელი მოლაპარაკება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძალებშია ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად და განსაკუთრებით, სისხლისღვრის შესაჩერებლად”, – განაცხადა დღეს მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ტერაქტი აღკვეთეს