დღეს, 5 ივლისს, ანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა.
ბანაკი საზეიმოდ გახსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილიმა
„მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე – ა (ა) იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის 288 მონაწილე ესტუმრა.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
„მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს.