ალეკო ელისაშვილი – თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა

თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ინფორმაციას გარემოს დაცვის მინისტრად ბიძინა გიორგობიანის შესაძლო დანიშვნის შესახებ და დასძინა, რომ “ეს დაუშვებელია”.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა გიორგობიანისა და თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის საკითხით ანტიკორუფციული საბჭო უნდა დაინტერესდეს. როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ბიძინა გიორგობიანმა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განკარგულება 23 აპრილს გასცა, 27 აპრილს კი, მეორე განკარგულებით, ხეების მოჭრა შეაჩერა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. ამის მიზეზად ელგუჯა ხოკრიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.
ერთ-ერთი ვერსიით, ხოკრიშვილის შემცვლელად ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე – კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი დავით უსუფაშვილს ხვდება