აზიმ სადიკოვი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

აზიმ სადიკოვი ბიძინა ივანიშვილს პასუხობსსაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,  რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის  გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი.
“საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სადიკოვის განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა  ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში”, – ნათქვამია სადიკოვის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაპუტინი რომის პაპს შეხვდება