ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის სამთავრობო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი , რომელმაც დაღუპული ჯარისკაცის გადმოსასვენებლად ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სპეციალური რეისი შეასრულა, რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ცხედრის ჩამოსვენებისას აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძგური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აეროპორტში განთავსებული იყო საპატიო ყარაული, ასევე საქართველოს შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრის ჩამოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა.
ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა. ცხედარი საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოასვენეს.
ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავში 29 სექტემბერს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება (ფოტო)
შემდეგი სტატიაიან კელი: შემძრა სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოავლინა