„ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ 30%-ით გაიზარდა“

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელის ვასილ ურუშაძის განცხადებით, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ 2012 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა.

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ურუშაძემ დღეს „პირველ პრესკლუბში“ დეტალურად ისაუბრა.

„სამწუხაროდ, 2014 წლის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 30%-ით გაიზარდა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო 2008 წელს – ერთი წლის განმავლობაში 2800-მდე საგზაო შემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფომ მაშინ მკაცრი რეგულაციები გაატარა, გაიზარდა სანქციები, მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო მოძრაობის სფეროში გატარდა რეფორმები, მათ შორის ღვედებზე კონტროლის და მძღოლთა მიერ ალკოჰოლის მოხმარებაზე სანქციების გამკაცრების სახით, 2008-დან 2012 წლის ჩათვლით ეს სტატისტიკა კლებადია. 2012 წელს ჩვენ 1900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა გვაქვს. 2014 წელს ეს ციფრი ისევ 2500-მდე იზრდება. ანუ 2012 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ იზრდება“, – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

მისივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ზოგად მიზეზებში 70% მძღოლის დაუდევრობაზე და საგზაო მოძრაობის წესის დარღვევაზე მოდის. ეს მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე ნაწილედ იყოფა, მათ შორის ალკოჰოლური ზემოქმედება და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა. დანარჩენი 30% კი გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, უამნიდობაზე და ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობაზე ნაწილდება. ურუშაძის ინფორმაციით, ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობაზე ავტოსაგზაო შემთხვევების სულ 3% მოდის.

„ეს სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წერილობით გამოვითხოვეთ და ოფიციალური ციფრები მივიღეთ. შესაბამისად, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მთავარი მიზეზი მძღოლის დაუდევრობა და საგზაო მოძრაობის კანონის დარღვევაა, ჩვენ იმ მიზეზებს ვვარაუდობთ, რის გამოც 2012 გაიზარდა. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჯარიმები და სანქციები მეტ-ნაკლებად განახევრდა. მეორე ფაქტორად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იმ ორგანომ, რომელმაც ეს პრობლემა უნდა აღკვეთოს და კანონის დამრღვევი მძღოლები დააჯარიმოს, ავტორიტეტი დაკარგა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, თუ როგორ ექცეოდა მოქალაქე პოლიციის თანამშრომელს. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი შემთხვევა და ბოლო დროს სისტემური ხასიათი აქვს, რაც სხვადასხვა გამოკითხვებით და კვლევებით დასტურდება. იმის ნაცვლად, რომ არაკეთილსინდისიერი მოქალაქე სამაგალითოდ დასჯილიყო, ჩვენ ვნახეთ ფაქტები, სადაც პოლიციის თანამშრომელი დაისაჯა. ეს არის ერთგვარი წახალისება იმ არაკეთილსინდისიერი მძღოლებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონს არღვევენ“, – აღნიშნა ვასილ ურუშაძემ.

2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო საურავის ოდენობის 500-დან 150 ლარამდე დაწევას ითვალისწინებს. ამავე წლის 1 იანვრიდან ასევე განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადებიც. კერძოდ, 1 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა – 6 თვით შეიცვალა, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა – 1 წლის ვადით.

გარდა ამისა, ახალი ხელისუფლების პირობებში სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმები განახევრდა. მანამდე აღნიშნული დარღვევა 100 ლარიან ჯარიმას ითვაისწინებდა, ახლა კი 50 ლარია. ასევე განახევრდა ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა.

თუმცა გამკაცრდა სანქცია დარღვევაზე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. ჯარიმის ნაცვლად ამჟამად სანქცია დარღვევის გამოვლენის პირველივე შემთხვევაში 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი კიევში “ღირსების მარშს” არ დაესწრება
შემდეგი სტატია“მანდარინების” შემოქმედებით ჯგუფს ლოს-ანჯელესში სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს