ავთანდილ ბერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. როგორც ბერიძემ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აჭარის კონსტიტუცია გარკვეულ პუნქტებში წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
“საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციასთან აჭარის კონსტიტუციის მიმართებას. არის პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია, რადგან გარკვეულ პუნქტებში აჭარის კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს მოსაგვარებელია და სწორედ ამისთვის არის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია. რაც შეეხება უშუალოდ წინააღმდეგობებს, ის უკავშირდება პრეზიდენტსა და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუცვიაში შევიდა ცვლილებები და ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ ინსტიტუტებთან მიმართებაში ერთი წლის წინ მიდგომები შეიცვალა, აჭარის კონსტიტუციაში კი შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა და დღესაც დარჩენილია ძველი მიდგომები, ურთიერთობები და დათქმები, ამიტომ ეს სასწრაფოდ და უახლოეს მომავალშია შესაცვლელი”, – აღნიშნა ბერიძემ.
დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის რიგით მესამე სხდომა იმართება.
სხდომაზე, კომისიის ხუთივე ჯგუფის ხელმძღვანელი კომისიის დანარჩენ წევრებს, მიწვეულ ექსპერტებს და დამსწრე საზოგადოებას კომისიის თითოეული ჯგუფის მიერ ამ დრომდე ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის სახით ინფორმაციას მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშიდღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს
შემდეგი სტატია“ლუფთჰანზა” ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 50 000 ევროს გადაუხდის