ადმინისტრაციულ ჯარიმაზე გამოცხადებული ამნისტია ამოქმედდა

დღეისთვის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ასეთი ტიპის 21 110 საქმე დაგროვდა, რომელთა აღსრულებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარია საჭირო. ბარამიძის განცხადებით, საქმეების ნახევარი უიმედოა და თანხის ამოღება საერთოდ შეუძლებელია. მისივე ცნობით, აღსასრულებელ საქმეთა ნახევარზე მეტი ეხება პირებს, რომლებიც ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე მათ შორის არიან პენსიონერები და სტუდენტები

ამნისტიის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 1 იანვრამდე ჩაიდინეს.

საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება − ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით 21000-ზე მეტი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.

ავტობუსის ჯარიმებისგან შეჭირვებული მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის ზაფხულში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო. ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა პრემიერმა და მთავრობამ, მათ შორის, ფინანსურმა ბლოკმაც და გასულ წელს მთავრობის ინიციატივად დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში, ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში
შემდეგი სტატია“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ხანდახან პროვინციალიზმში გადადის”