ადვოკატი მოითხოვს, რომ დავით კირკიტაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი მოითხოვს, რომ დავით კირკიტაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს.
როგორც საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გააჩნია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც კირკიტაძის მხრიდან რუსთავის ავტობაზრობის პროექტის განხორციელებისას დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და შესაბამისად, იგი დღეს სასამართლოს მიმართავს საპასუხო შუამდგომლობით, რომ დავით კირკიტაძეს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდოს. ამასთან, ადვოკატის თქმით, ალტერნატივად გირაოს შეფარდების შუამდგომლობას არ დააყენებს.
გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ამერიკაში სასწავლებლად არის წასული და მას ექვსთვიანი კურსი 2015 წლის ივლისში ეწურება. ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია, თითქოს კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებს, აბსურდულია.
პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს-რუსთავი 2011”-ისა და შპს “ტიტანი 2011”-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

banner
წინა სტატიაშიკულტურის მინისტრი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს შეხვდა
შემდეგი სტატია„გაზპრომი“ უკრაინას ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება