ადვოკატი ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს- რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე>

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული ივანე ბეგიაშვილისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბეგიაშვილის ადვოკატმა ლოტბერდი კუპატაძემ განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობის საპასუხოდ დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.

ადვოკატი ამის არგუმენტად ასახელებს იმ ფაქტს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ვინ იყო ირაკლი გედენიძე და იყო თუ არა იგი ფოტოკორესპონდენტი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ივანე ბეგიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, ცემის ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა რაც შეეხება ჟურნალისტისთვის საქმიანობის დროს ხელის შეშლის ბრალდებას, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც პროკურორებმა განაცხადეს, ბეგიაშვილს პატიმრობა უნდა შეეფარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ იგი ახალ დანაშაულს ჩაიდენს. ამის საპასუხოდ ბეგიაშვილის ადვოკატმა დღეს დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდოს, ალტერნატივად კი ადვოკატმა მოითხოვა ბეგიაშვილის 1000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება.
“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას, სახელწოდებით, “შემოულაწუნე” აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.
გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კავკასიელები დააკავებულია
შემდეგი სტატიაირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა