,,აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება”

სტიქიის პრევენცია გამორიცხულია, მაგრამ მესმის იმ ოპონენტების, რომლებიც ამ სტიქიასაც ჩვენ გვაბრალებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “2030”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარი მთავრობის ეფექტურობაზე, კოორდინაციასა და დროულ რეაგირებაზე უადგილოა მაშინ, როდესაც სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა.
“თუ მკითხავთ, რა ვერ მოახერხეთ, ალბათ ეს ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ეს არის ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ შევძლებდით სტიქიის თავიდან აცილებას. აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება”, – განაცხადა პრემიერმა და დაასახელა იაპონიისა და აშშ-ის მაგალითები, სადაც რამდენიმე წლის წინ სტიქიასთან ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროა დროული რეაგირება, ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და მთავრობამ სტიქიის დღეებში აჩვენა, რომ ერთ გუნდად მუშაობს.
“მოსახლეობის ზიანი დეტალურად აღვწერეთ და ზარალის კომპენსაციის პროცესი უკვე დავიწყეთ. უბინაოდ დარჩენილებს ბინებს შევუძენთ, ისინი კომპენსაციას მიიღებენ. არავინ დარჩა ყურადღების გარეშე. იდეალური, რა თქმა უნდა არაფერია და უკეთესობისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი შევძელით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების” თითქმის ყველა დაპირება ეტაპობრივად შესრულდა და სრულდება
შემდეგი სტატია“არასდროს წავალთ აფხაზეთში”-რუსი ტურისტები