აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრები აერიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მედიას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია გააცნო.

მიმინოშვილის თქმით, გამოცდის მეორე სესიაზე 9 282 უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით, 300 არ გამოცხადდა რაც საერთო აბიტურიენტების რაოდენობის დაახლოებით 3%-ია.

„ერთი საათია მიმდინარეობს პროცესი. ყველაფერი წყნარად და მშვიდად არის. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ასე დამთავრდება. რაც შეეხება დაგვიანებებს, ის არ ყოფილა. დარღვევების გამო არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა გამოცდიდან. იყო 2 შემთხვევა – გორში გამოცხადდა აბიტურიენტი, რომელიც თბილისში იყო განაწილებული. ჩვენმა თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახერხეს ამ აბიტურიენტის მანქანაში ჩასმა და საბედნიეროდ, თბილისის საგამოცდო ცენტრში მისვლა მოასწრო. კიდევ ერთი შემთხვევა იყო – აბიტურიენტი თელავში გამოცხადდა და ისიც თბილისში იყო განაწილებული. საუბედუროდ, მას ვერაფრით დავეხმარებოდით, ვერ მოასწრებდა თბილისში ერთ საათში ჩამოსვლას. ამ აბიტურიენტს არ გამოცხადება ჩაუწერეს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე ეტაპი 15:00 საათზე დაიწყო. ის 4 საათს გაგრძელდება. დღეს სულ 20 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამავე რაოდენობის აბიტურიენტს ელოდებიან ხვალინდელ გამოცდაზე, რომელიც კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებული წყნეთისხევის მოსახლეობა კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა