ჯაბა სამუშია: “პანორამა თბილისის” პროექტი განხორციელდება

ჯაბა სამუშია: "პანორამა თბილისის" პროექტი განხორციელდება“პანორამა თბილისის” პროექტი განხორციელდება და ამ პროექტის განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშიამ დღეს ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებაზე კომენტარისას განუცხადა.
ჯაბა სამუშიას თქმით, პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, ურბანისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს ჰქონდათ საშუალება პროექტს გაცნობოდნენ და ცვლილებები შეეტანათ. მისივე თქმით, პროექტი ამ შეხვედრების წყალობით შეიცვალა. პროექტის ავტორები ცდილობენ მიიღონ ისეთი პროექტი, რომელიც ლანდშაფტს მორგებული იქნება.
ჯაბა სამუშია თქმით, პროექტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს და ამდენად, მისთვის გაუგებარია კოლეგების არგუმენტები “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით. ჯაბა სამუშიამ დასძინა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში გმირთა მოედნის, რიყისა და საპატრიარქოს გვერდით ტერიტორიის განაშენიანების პროექტები ისე განხორციელდა, რომ ურბანისტები და სპეციალისტები მასში ჩართული არ ყოფილან, ამჟამად მიმდინარე პროცესი კი ამ ყველაფრისაგან განსხვავებულია.
“პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება. ამ პროექტის განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ალტერნატივა არა აქვს მილიარდიან ინვესტიციას, ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ ადამიანები დასაქმდებიან. მეორეს მხრივ, პროექტზე მომუშავე ჯგუფი მაქსიმალურად მუშაობს ყველა მხარესთან, რომ მოხდეს კომპეტენეტური აზრის გათვალისწინება. ტყუილია, რომ ეს თემა არის დახურული. ეს არის ღია პროცესი, შეხვედრები გაიმართა ხელოვნებათმცოდნეებთან, ურბანისტებთან და დაგეგმილია კიდევ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საკრებულო ასევე აპირებს ამ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს. ეს არის ღია პროცესი, ეს არ არის ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. პროექტზე თვალნათელი ცვლილებებია განხორციელებული”, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “პანორამა თბილისის” პროექტი ზუსტად იმ ფორმით განხორციელდება, რა სახითაც ის მის ავტორებს სურთ; საზოგადოებრივი აზრი კი, არანაირად არ იქნება გათვალისწინებული.
“კითხვის ნიშნები, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, თუ რამდენად შეესაბამება ის ქალაქის ისტორიულ იერსახეს, რამდენად გამოიწვევს ის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას და სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში უფრო მეტი საცობების წარმოქმნას, თუ რა ზეგავლენას იქონიებს ეს პროექტი გარემოზე, კვლავ ძალაში რჩება და ამ კითხვებზე პასუხი არ არის. საკრებულოს სხდომაზე ჩვენ გარკვეულ ინიციატივებს დავაყენებთ”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “პანორამა თბილისის” განხორციელება სატრანსპორტო მოძრაობას არ გაართულებს. მისივე თქმით, პროექტი ალტერნატიული გზის მშენებლობას გულისხმობს, რომლითაც ორთაჭალასა და შინდისს დააკავშირებს.
“ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ტურიზმი განვითარებაც მოყვება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიპრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშებს განაგრძობენ
შემდეგი სტატიაასე გამოიყურება დღეს დონეცკის აეროპორტი – ვიდეო