“ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” – ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა არ შეესაბამება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას

“ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა არ შეესაბამება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას.
“ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის მიმართ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების რიტორიკა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ უფრო და უფრო შეურაცხმყოფელი ხდება და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. გადამდგარი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით მზადდება კვლევა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელთა საქმიანობის შესახებ, ფაქტობრივად აანონსებს მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გავრცელებას.
ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას, არ უნდა ხდებოდნენ თავდასხმის ობიექტები. ასეც რომ არ იყოს, მიუღებელია საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ადამიანის შევიწროება საკუთარი აზრისა და საქმიანობის გამო.
იმედს გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მსგავსი განცხადებებისგან, ხოლო საზოგადოება იქნება ერთიანი ამ პრაქტიკასთან ბრძოლაში”, – აღნიშნულია ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს განცხადებაში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.
“არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ – მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე – ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს – არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა”, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა შეკითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიHuman Rights Watch პოლიტიკური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატიაოთარ დანელია რუსეთთან ვაჭრობის საკითხზე თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას ეხმაურება