სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა

1915 წლის 24 აპრილს ოსმალური იმპერიის დედაქალაქ სტამბულიდან სომხების დეპორტაცია დაიწყო და ეს მოვლენები დიდი ტრაგედიით დასრულდა.

თუმცა სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ სომხები გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ. წელს 24 აპრილს კი, სომხები ამ ტრაგიკული მოვლენების 100 წლისთავს აღნიშნავენ. სომხეთში, ამ დღისთვის დიდი ღონისძიებებია დაგეგმილი, როგორც სახელმწიფოს, ასევე სომხური ეკლესიის მხრიდან. მოწვეულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დელეგაციები.

პარალელურად კი, თურქეთმა სწორედ ამ დღეს, 24 აპრილს, პირველ მსოფლიო ომში ოსმალური იმპერიის და გერმანიის ერთობლივი ძალებით, ანტანტის ანგლო-ფრანგულ არმიასთან გალიპოლიის (ჩანაქკალეს) ბრძოლაში გამარჯვების 100 წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტა… მაშინ, როცა ისტორიული წყაროები ამ ომის დაწყების თარიღად 1915 წლის 19 თებერვალს, ხოლო დამთავრების – 1916 წლის 9 იანვარს ასახელებენ. ამ ომში, აპრილის თვეშიც დიდი ბრძოლები იყო, თუმცა არა 24 აპრილს.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა, ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მოსაწვევი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსაც გაუგზავნა, რის გამოც სომხებმა თურქეთისაგან ( რომელიც დღემდე არ აღიარებს სომხების გენოციდს) თავი უკიდურესად შეურაცხყოფილად იგრძნეს და ამით, ოდნავ დამთბარი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა ისევ დაიძაბა.

პრეზიდენტი ერდოგანი (რომელსაც ამ ნაბიჯის გამო თურქეთშიც აკრიტიკებენ), მოწვევის მიზეზს, სარქისიანისადმი გაგზავნილი წერილში წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ომში სომხებიც იბრძოდნენ თურქების მხარდამხარ და მისი აზრით კარგი იქნებოდა, რომ გამარჯვების იუბილეც ერთად აღენიშნათ. იბრძოდა თუ არა სომხებიც ჩანაქკალეში თურქების მხარდამხარ იმავე დღეს, როცა ქვეყნის დედაქალაქიდან მათი თანამოძმეების დეპორტაცია ხდებოდა, ამას ალბათ ისტორიკოსები დაადგენენ, მაგრამ ამის მიუხედავად სომხეთის პრეზიდენტმა სარქისიანმა, თურქეთის პრეზიდენტის მოწვევას უღირსი, ცინიკური, სისუსტის გამოვლინება და არასრულფასოვნების კომლექსიდან გამომდინარე უწოდა.

,,საკუთარი ისტორიის რედაქტირება და და სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღეს გალიპოლიის ბრძოლაში გამარჯვების ზეიმზე ჩვენი მიწვევა ერდოგანის მხრიდან, მიუთითებს სიცარიელეს ამ ნაბიჯისა და თავად ვნებს თურქეთს. ეს ნაბიჯი იყო ცარიელი და იყო გენოციდის უარყოფის გამოხატულება. უარყოფა კი, არამარტო პოლიტიკური სისუსტეა, არამედ არის არასრულფასოვნების კომლექსის გამოხატულება და სამართლებრივი კატეგორიაც. ეს ნაბიჯი აკავშირებს თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას მათი წინაპრების მიერ მოწყობილ გენოციდთან და ხდის მათ თანამონაწილედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დიდ დანაშაულში”– აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი.

თურქეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას გამოეხმაურა აგრეთვე ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორეც. მან გააკრიტიკა თურქეთი გენოციდის არ აღიარების გამო და მის ქმედებას მსოფლიოს ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. მან აგრეთვე მოუწოდა მსოფლიოში მცხოვრებ ყველა სომეხს, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თურქეთმა წარმოიდგინოს, თუ რა შედეგები მოყვება მის მიერ გენოციდის არ აღიარების პოლიტიკას.

 

კახაბერ ადამია სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,

banner
წინა სტატიაშირუსეთში სიკვდილით დასჯა შეიძლება ისევ დაბრუნდეს
შემდეგი სტატიააფხაზებისთვის ნაანდერძავი ქართული ხატები