საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 22:30

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რომ ცხინვალის ანექსიის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სანქციები არ არის შემოღებული, მაშინ როცა ყირიმთან მიმართებაში ეს მოხდა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების “შეგნებული მოქმედების” შედეგია.
“საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოვარდეს რუკიდან, რადგან, პრაქტიკულად, გაგვაცალკევეს უკრაინისგან, სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება საქართველოს ხსენება და ეს შეგნებულად გააკეთა ხელისუფლებამ. ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია, რომელზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია, რომ ეს ქაღალდი არაფერს არ ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არის უცნაური. ქაღალდი, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად აღარ ეხმაურება ამ საკითხს. რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალის ანექსიის გამო სანქციები არ არის შემოღებული იმ პირობებში, როცა უკრაინის თემაზე ეს მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ. ერთი მხრივ, სოხუმის აეროპორტს ხსნის რუსეთი, მეორე მხრივ კი, ყირიმის აეროპორტები დაკეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მე ვერ ვხედავ რეაქციებს ავიაკომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც სოხუმში უკვე დაფრინავენ ან აპირებენ ფრენას. ვერ ვხედავ ვერაფერს იმას, რაც მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაში. მართლა ძალიან გეგმაზომიერი, მავნებლური ქმედებები უნდა განგეხორციელებინა, რომ ვერ მოგეხერხებინა იმავე ნაკადში მოხვედრილიყავით, რაშიც უკრაინა. ვირეშმაკობით არ კეთდება საქმე. საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან და როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოზე საერთაშორისო დონეზე ახლა “ძალიან ცოტა ლაპარაკი მიდის”.
“შენი მეგობრები შენ დაგივიწყებენ, როცა არაფერს აკეთებ”, – აღნიშნა სააკაშვილმა. იგი ბრიუსელში იმყოფება, სადაც “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაში მონაწილეობს.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი “საზოგადოებრივი არხის” ჟურნალისტმა გაავრცელა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 22:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics