საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს

news
: news იანვარი 28, 2015 21:01

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფიქსირებული ზურაბ ბერიკაშვილი შემთხვევის დღეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელ გიორგი ლომსაძეს, როგორც აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ის შემთხვევიდან წელიწადნახევრის განმავლობაში ისევ სისტემაში მუშაობდა და თანამდებობა მხოლოდ თვენახევრის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“აღნიშნული კადრები გადაღებულია 2013 წლის ივნისში, ქალაქ ბორჯომში და პირი, რომელიც კადრებში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად ადმისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ერთ-ერთი თანამშრომელი, დავით გვიმრაძე შემდგომში დაწინაურდა და სისტემაში დღესაც წარმატებით მუშაობს. ეკიპაჟის მეორე წევრმა გიორგი ლომსაძემ კი კიდევ წელიწადნახევარი იმუშავა საპატრულო პოლიციაში და დაახლოებით ერთი თვის წინ, საკუთარი ნებით დატოვა პოლიცია”, – აცხადებს მაჭავარიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით, ლომსაძის განცხადება, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა და სამსახურიდან სწორედ ზურაბ ბერიკაშვილთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევის გამო გაათავისუფლეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
“ნაციონალური მოძრაობა” ვიდეომასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონეფრენციაზე განაცხადა, ამჯერად ინციდენტში მონაწილე პირია შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი.
“ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა. “ამ ამბის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა – პატრულის ერთ-ერთ თანამშრომელი გიორგი ლომსაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აიძულეს, წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. რაც შეეხება ამ ადამიანს, ზურაბ ბერიკაშვილი დააწინაურეს და დღეს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ამ პიროვნების შესახებ გეტყვით, რომ ის ადრეც მუშაობდა შსს-ში, მაგრამ ნაციონალური მოძარობის დროს სტრუქტურიდან გაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ მსგვასი საქციელი ჩაიდინა. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სტრუქტურაში დააბრუნეს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

news
: news იანვარი 28, 2015 21:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,920
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics