“სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება”

სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება, რადგან ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში.
“აგვისტოში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მიაკითხა პოლიციის უბანს ღამით და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება. ცომაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ იგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2014 წელს 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო, მათგან 31 პოლიციის, ხოლო 19 ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. საია-ს განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას”, – ნათქვამია ანგარიშში.
Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, მაისში გამოცემულ თავის წლიურ ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა პოზიტიური ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მაგრამ აგრეთვე შეეხო პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტს, რასაც ეფექტიანი გამოძიება არ მოჰყოლია. “მან, აგრეთვე, აღნიშნა “ციხეებში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი გარემოებები”, – წერია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ განახორციელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ხარვეზებიანი სისტემის რეფორმა, 90-დან 15 დღემდე შეამცირა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო და აგრეთვე გარკვეული პროცესუალური ნორმები შემოიღო.
ორგანიზაციის ანგარიში Human Rights Watch-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს
შემდეგი სტატია“გალფში” საგამოძიებო სამსახური შევიდა