რატომ მოიმდურა ხადურმა თვითმმართველობები და რა ბრალდებებს უყენებენ მას მერები და გამგებლები

news
: news მარტი 7, 2015 14:06 განახლებულია

რატომ მოიმდურა ხადურმა თვითმმართველობები და რა ბრალდებებს უყენებენ მას მერები და გამგებლები

ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრების, ასევე რეგიონების ხელმძღვანელებისა და თვითმართველობების პირველი პირების მიმართ შენიშვნები არ დაიშურა და დაინტერესდა, რატომ არ იხარჯება ფული ბიუჯეტიდან. ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგიერთი მინისტრის, გამგებლის, მერისა თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც არ გამორიცხა.
პრემიერის შემდეგ ხელმომჭირნეობაზე განცხადებები ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა და განმარტა, რომ ძირითადად თანხების ათვისება რეგიონული განვითარების ფონდიდან ვერ ხდება.
ხადურის განცხადებას თვითმმართველობების კულუარებში მღელვარება მოჰყვა. „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გამგებლებისა და მერების დიდი ნაწილი მინისტრის ამ განცხადებამ გაანაწყენა.
თვითმმართველობები ირწმუნებიან, რომ პროექტები ფონდში წარდგენილია, მათი განხორციელება გეგმის მიხედვით ხდება და ამ მხრივ პრობლემები არ აქვთ. რამდენიმე მათგანი იმ დღესვე ტელეეთერითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ შენიშვნა მათ უწყებებს არ ეხება.
კულუარებში კი რეგიონების მიმართ ხადურის არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ზოგიერთი გამგებელი ამტკიცებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მათი პროექტების მოწონების შემდეგ პრობლემები სწორედ ფინანსთა მინისტრთან ექმნება.
„დავდივართ, მიგვაქვს პროექტები, როცა რეგიონული განვითარების სამინისტრო მოიწონებს მათ, შემდეგ დგება ფინანსური მხარის მოგვარების საკითხი. ხადურის უწყებაში, ფაქტიურად, ძაღლად არ გვაგდებენ. განსაკუთრებით დიდ პროექტებზე აქვთ დაფინანსების გართულება და პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ თუ გვინდა დაფინანსების მიღება, პრემიერი უნდა ჩავრიოთ. ასეთი მხოლოდ მე არ ვარ, სხვა ბევრი თვითვმმართველობის პირველი პირიც ამ დღეშია. ამ ყველაფრის ფონზე, მინისტრმა ხადურმა ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალა, რამაც მართლა გაგვანაწყენა. თუ თანხების ათვისება და პროექტების განხორციელება ფერხდება, ეს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ბრალია და არა ჩვენი… როგორც ჩანს, რეგიონებზე ხელის შეწმენდა ადვილია“, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბარში ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო კონფიდენციალობის დაცვას გვთხოვს.
ამასთან, როგორც ცნობილია, პრემიერისა და ფინანსთა მინისტრების გამოსვლის შემდეგ გუბერნატორებმა რაიონებისა და ქალაქების პირველ პირებს საგანგებო თათბირები მოუწყვეს, რა დროსაც მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდეს, თავად კი დედაქალაქში როგორც შუამავლებს და კოორდინატორებს, შენიშვნებზე პასუხების გაცემა მოუწევთ.

news
: news მარტი 7, 2015 14:06 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics