პოროშენკო: „თუკი კბილებში უნდა ჩავარტყათ – ჩავარტყამთ“

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 11, 2015 20:30

პოროშენკო: „თუკი კბილებში უნდა ჩავარტყათ – ჩავარტყამთ“

  პოროშენკო: „თუკი კბილებში უნდა ჩავარტყათ - ჩავარტყამთ“„ნორმანდიული ოთხეულის“ მინსკის სამიტზე გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მოვლენების განვითარების ორ შესაძლო რადიკალურ ვარიანტზე ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია როგორც მშვიდობის დამყარება, ასევე ომის ესკალაცია.

„ჩვენ მშვიდობისკენ ვართ. თუკი კბილებში უნდა ჩავარტყათ – ჩავარტყამთ, თუ საჭირო იქნა ჩვენი მიწის დაცვა – ამას უკანასკნელ წუთამდე ვიზამთ“ – თქვა პოლროშენკომ მთავრობის სხდომაზე.
„ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ორივე ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად – მშვიდობისთვისაც {…} და იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა დავიცვათ“ – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა დაადასტურეს, რომ პუტინი, ოლანდი და მერკელი მინსკში უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრებოდნენ, ამასთანავე აბსულუტურად ცხადი იყო ის, რომ მოლაპარაკებების შედეგების წინასწარი განსაზღვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბეტმა განაცხადა, რომ მინსკის სამიტი „მხოლოდ და მხოლოდ სხივია და არა უმეტესი“ და რომ დასასრული აბსოლუტურად გაურკვეველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრებზე „შესამჩნევი პროგრესი“ იყო მიღწეული. ამასთანავე, ლავროვმა, რომელიც ასევე მიემგზავრება მინსკში, კიევის ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ალბათობაზე – რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის აღდგენაზე ეჭვი გამოთქვა: „იმ პოსტებზე, რომელსაც ამბოხებულები ხელმძღვანელობენ, შეთანხმების მიღწევა რთული იქნება და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან უნდა მოხდეს“ – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე და დაამატა, რომ სეპარატისტები სავარაუდოდ, ამ წინადადებაზე არ წამოვლენ.

„უკრაინა იყო, არის და იქნება უნიტარული სახელმწიფო. ეს უკრაინელი ხალხის ნებაა. ფედერალიზაციის იდეის გამუდმებით ექსპორტირებას ცდილობენ მეზობელი სახელმწიფოები. ფედერალიზაცია ის თესლია, რომელიც უკრაინის ნიადაგზე ვერ გაიხარებს“ – ასე პასუხობს პუტინის მიერ უკრაინის ფედერალიზაციის შესახებ გამოთქმულ აზრს პოროშენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კიევი მზად არის სამხედრო მდგომარეობა შემოიღოს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.
„მეც, მთავრობაც და უმაღლესი რადაც მზად ვართ მივიღოთ გადაწყვეტილება უკრაინის სრულ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. და მე არავითარ შემთხვევაში არ გავაჭიანურებ ამ პროცესს, თუკი აგრესორების უპასუხისმგებლო მოქმედებები კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია“ – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

დღეს დილით პოროშენკომ კრამატორსკი მოინახულა, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. მან სეპარატისტები კასეტური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ საკითხს პუტინთან, ოლანდთან და მერკელთან შეხვედრისას აუცილებლად განიხილავს.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 11, 2015 20:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics