პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

პარლამენტის საგაზაფხულო სესია როგორც საკანონმდებლო, ასევე, საზედამხედველო კუთხით დატვირთული იქნება. საგაზაფხულო სესიის პერიოდში საპარლამენტო საქმიანობის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი გეგმავს, “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონპროექტია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადდა. კანონპროექტის მიზანი საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების შექმნა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური შრომით მიგრაციის განვითარებას და გამორიცხავს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს. პროექტით რეგულირდება საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შრომით მოწყობა საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში მყოფი ან მცხოვრები მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე კანონპროექტებზე – “ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ” და “ანტიდემპინგური ღონისძიებების გამოყენების შესახებ” იმუშავებს. პროექტები მიზნად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოჭარბებული იმპორტისგან მიყენებული ზიანის შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების დაცვის ინსტრუმენტის გამოყენებას ისახავს. გარდა ამისა, კომიტეტი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი ლეალური წყლების საქართველოს საზღვაო ტერიტორიაზე ჩაღვრის თავიდან აცილება, კერძოდ კი, ლეალური წყლების აქციზით დაბეგვრის რეჟიმის შეცვლაა. ცვლილებები შევა “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში”, რომელიც მიზნად უნებართვო მშენებლობის წარმოების საკითხის შესწავლას და შესაბამისი რეაგირების განხორციელებას ისახავს. გარდა ამისა, კომიტეტი იმუშავებს კანონპროექტზე “საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავად განსაზღვრავს წევრების ოდენობას, ასევე, დადგინდება მეცნიერებათა აკადემიის ახალი წევრის – აკადემიის ასოცირებული წევრის სტატუსი. საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს აგრარულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების გამოყენებით, “ქარსაფარი ზოლის შესახებ” და “აგროდაზღვევის შესახებ” კანონპროექტების მომზადებას და განხილვას იწყებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში კომიტეტს სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც ექნება, მათ შორის, “ნიადაგის შესახებ” და “ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” კანონებში ცვლილებები მომზადდება. კომიტეტი მთავრობიდან შემოსულ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმუშავებს. მათ შორისაა ვაზისა და ღვინის, სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები. აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები სხვადასხვა რაიონის მოსახლეობასაც შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში არსებული ვითარების შესახებ. უახლოეს პერიოდში კომიტეტის სხდომებზე მოისმენენ ინფორმაციას ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის, აგრარულ სექტორში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამების ეფექტურობის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საკანონმდებლო და საზედამხედველო კუთხით გააქტიურებას გეგმავს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიც, რომელიც საქართველოს მთის ახალი კანონის – “საქართველოს მაღალმთიანი და მასთან გათანაბრებული რეგიონების შესახებ” პროექტისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოსამზადებლად მუშაობს. კანონის მთავარი მიზანი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და იქ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები და კანონებში ცვლილებების პროექტებიც მუშავდება. 2015 წელს დაგეგმილია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან” საქართველოს იმ 60 კანონის ჰარმონიაში მოყვანაც, რომელიც შინაარსობრივ და ტექნიკურ ცვლილებებს საჭიროებს. სხვა კანონპროექტებთან ერთად, მიგრაციის (მათ შორის შრომითი მიგრაციის) საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებსა და პრობლემატიკაზე მუშაობას გეგმავს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმუშავებს. კერძოდ, ცვლილება შევა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტს უფლება ეძლევა განაცხადოს ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე იმ მომენტიდან 18 თვის განმავლობაში, როდესაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო ხელშეკრულების დადების შესახებ. ცვლილება შევა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონშიც – უქმდება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება პოლიციის უფლებამოსილება, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მესაკუთრის მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე, უზრუნველყოს უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. გარდა ამისა, მზადდება ცვლილება “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” კანონშიც, რომლის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს ექნება უფლებამოსილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას (კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას) მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში სათანადო შემოწმება გაიაროს და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ექიმის დანიშნულებით, სამკურნალო მიზნებისათვის ხდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანონპროექტთა პაკეტზეც მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონში, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” და “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში”. წარმოდგენილი ცვლილებებით, არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საქმეებს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. განისაზღვრება არბიტრის დანიშვნის წესი იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრის დანიშვნა მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად ვერ ხერხდება. ამასთან, არბიტრი შეიძლება დანიშნოს როგორც სასამართლომ, ასევე ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. არბიტრი, ვალდებულების ნაცვლად, უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვისათვის 150 ლარით განისაზღვრება. ასევე, მცირდება ბაჟის ოდენობა არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ, აგრეთვე, მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებებზე და 50 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმუშავებს კანონპროექტებზე, რომლებიც “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში”, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში”, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმიდან” გამომდინარეობს. პროექტებით განისაზღვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის რეგულაცია. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (მიმართვის შემთხვევაში აცნობოს მხარეებს). ამასთან, საკასაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა. აქვე განისაზღვრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე კონკრეტული ვადების დინება ჩერდება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. განისაზღვრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე კონკრეტული ვადის მიმდინარეობა ჩერდება. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით დატვირთული იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობაც, რომელიც “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში, “საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” კანონსა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში, ელექტრონული ვიზების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ცვლილებებზე მუშაობს. ასევე, იგეგმება ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც დიპლომატის სტატუსის არმქონე პირები, დაბეგვრის კუთხით, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს გაუთანაბრდებიან, ხოლო “საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილების თანახმად, ზედმეტი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მოსაკრებლის უკან დაბრუნების საკითხი დადგება. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც ამცნობს. მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. ასევე, დღის წესრიგში დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
შემდეგი სტატიაიორდანია პილოტის გამო შურს იძიებს