ნინო ბურჯანაძე: ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შევა

news
: news მარტი 5, 2015 15:33

ნინო ბურჯანაძე: ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შევა

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ფრანსუა ოლანდის მიერ გაკეთებული განცხადება იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველო უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ალიანსის წევრი ვერ გახდება. ნინო ბურჯანაძემ ეს განცხადება, გაზეთ ,,რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

,,ოლანდამდე გაცილებით ადრე ეს თქვა მერკელმა, თავის დროზე ეს განაცხადა რასმუსენმა, შარშან ეს ობამაც თქვა…
ოლანდმა საბოლოო წერტილი დაუსვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ნატო-ს წევრ ქვეყნებს ალიანსის გაფართოების საკითხზე ვეტოს უფლება აქვთ. დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ გაიგეს ამ ქართველებმა დიპლომატიურად ნათქვამი და ახლა პირდაპირ სახეში უნდა მოგახალოთ, რომ ვერ გახდებით ალიანსის წევრიო. დაახლოებით ასე ჟღერდა მისი განცხადება. ასეთი მკვეთრი განცხადება დიპლომატიისთვის დამახასიათებელი ენა არაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ პირდაპირ თქმა გადაწყვიტეს. თუ ახლა კიდევ გავაგრძელებთ ნატო-ს კარზე კაკუნს, ეს ქვეყანას არავითარ სიკეთეს არ მოუტანს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, დასავლელმა ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ უთხრეს, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპრექტივა არ აქვს.

,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლელმა პარტნიორებმა ინგლისურად გვითხრეს, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად და ქართულადაც, რომ საქართველოს არ აქვს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. თუ ეს განცხადება მოულოდნელი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, კიდევ უარესი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბედი და ჩვენთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს გარეშე წყდება ისე, რომ ამაზე არავინ საქმის კურსში არ გვაყენებს”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, დასავლეთი რუსეთს ანგარიშს უწევს, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შანს უკარგავს.

,,მე ძალიან კარგად მესმის, რომ დასავლეთმა რუსეთს ანგარიში გაუწია. ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შევა. რუსეთის განცხადებები არ არის ის, რომლის იგნორირებაც დასავლეთს შეუძლია”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

news
: news მარტი 5, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics